„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) - არის პროექტი - კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდებში ევროპული კინოს, კინომემკვიდრეობის მიმართ ინტერესი და პრაქტიკულად იქნეს გამოყენებული მისი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მე-20 საუკუნის ისტორიული ფაქტებისა და პრობლემების გასააზრებლად. „ისტორია-კინო-ისტორია“, ასევე, გულისხმობს კინემატოგრაფიის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლებას.
პროექტი შეიქმნა: საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის - Georgian National Film Centre (საქართველო), ფონდის მილანის სინეტეკა - Fondazione Cineteca Italiana (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის - The Film Space Ltd (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის-ЈУГОСЛОВЕНСКЕ КИНОТЕКЕ (სერბეთი) პარტნიორობით. პროექტში ჩართულ ოთხივე ქვეყანას აქვს განსხვავებული ენა, კულტურა და წარსული, ხოლო ის, რაც მათ აერთიანებს, არის ევროპული ღირებულებები და ისტორია.
პროექტის ფარგლებში შექმნილი წინამდებარე პლატფორმა - საგანმანათლებლო რესურსი აერთიანებს ვიდეოგაკვეთილებს, დავალებებს, ქვიზებს და თან ახლავს სხვადასხვა საარქივო მასალა.
პლატფორმა ხელმისაწვდომია ქართულ, სერბულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე და აქვს ორი საგანმანათლებლო მიმართულება:
- მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით
- კინოს ისტორიის სწავლება
დღეს კინო წარმოადგენს კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ღირებულებების ფორმირების, საზოგადოებაში დემოკრატიის, ტოლერანტობის, სოციალური სამართლიანობის, გენდერული მეინსტრიმინგის გააზრებისთვის. პროექტის მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სკოლებში კინოსაგანმანათლებლო რესურსის გამოყენებამ ხელი შეუწყო მოზარდებში დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის ადეკვატურად გააზრების, მიმღებლობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ სხვადასხვა გზა, რათა კინო აქტიურად იყოს გამოყენებული საგანმანათლებლო პროცესში.
იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეოგაკვეთილები, დავალებები და ქვიზები, რომლებიც განთავსებულია ამ პლატფორმაზე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მასწავლებლებისთვის, ასევე, ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თუ მშობლებისთვის.